რამდენჯერმე ვუთხარი, რომ ჟურნალისტები ვართ და უარესად გადაგვიარეს მერე, - ამის შესახებ გიორგი მამაცაშვილმა განაცხადა, რომელიც 26 მაისის საქმეზე ბრალდების მხარის პირველი მოწმეა.
,,მე ფოტოაპარატი მქონდა და ვიღებდი კადრებს, როდესაც შეიარაღებული ძალოვანები მოდიოდნენ. ხალხმა გამოქცევა დაიწყო პიონერთა სასახლისკენ, მივუახლოვდით გრიბოედოვის ასახვევს. იდგნენ პოლიციელები და როდესაც გვინდოდა გასვლა, არ გაგვიშვეს. ვამბობდით, რომ ჟურნალისტები ვართ, მაგრამ არ გაგვიშვეს, არც მეტროში შეგვიშვეს და როდესაც ამოვბრუნდით, მაშინ მძიმე წუთები დაიწყო.
გზები გადაკეტილი იყო. მე და ბექა სივსივაძე მოვრბოდით, რეზინის ტყვიებს გვესროდნენ ძალოვნები. საკმაოდ დიდი ოდენობით ნატყვიარები გვქონდა. როცა ვეღარ გავუძელი, დავეცი და გონება დავკარგე. დაახლოებით ნახევარი საათით ხელფეხშეკრულები ვეყარეთ ე.წ. ხამუთებით.
წვიმდა, ძალოვნები ხელკეტებით მოძრაობდნენ. რამდენჯერმე ვუთხარი, რომ მე და ბექა ვართ ჟურნალისტები, აკრედიტაციებიც მივეცით და უარესად გადაგვიარეს მერე. გვერდზე მეწვა მამაკაცი, რომელიც გასისხლიანებული იყო და ვუთხარი, რომ წყალი მაინც მიეცათ, შენ ვინ გეკითხებაო და შემდგნენ კიდევ და ისევ გონება დავკარგე.
მერე მოვიდა ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, რომელმაც უთხრა ძალოვნებს, რომ ჟურნალისტები ვიყავით და გაგვიშვეს. შეიძლება ითქვას, რომ გედენიძემ გადაგვარჩინა“, - განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.
26 მაისის საქმეზე ბრალდების მხარე დღეს მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადადის. პროკურატურა ორ მოწმეს, დაზარალებულის სტატუსის მქონე ჟურნალიტებს, გიორგი მამაცაშვილსა და ბაქარ სივსივაძეს დაკითხავს.