როდესაც ქვეყნის პირველი ბანკირი ეროვნულ ვალუტაზე კომენტარს არ აკეთებს, ეს პანიკას იწვევს, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ეკონომიკური გეგმა სწორია და ეროვნული ვალუტის გაუფასურება არასწორ მუშაობას არ უკავშირდება.
"როდესაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები დებენ სხვადასხვა დასკვნებს, სადაც არ არის აღწერილი, რომ ვთქვათ ჩვენი მთავრობა აკეთებს რაიმე არასწორ ნაბიჯებს, იზრდება ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი, შესაბამისად მოდის კრედიტები. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მთავრობა თუ რამეს არასწორად აკეთებს, მაშინ კრედიტებიც არ მოვა, მაგრამ რადგან მოდის კრედიტები ე.ი. მთავრობა მუშაობს სწორად. აბა როგორ შეიძლება ეროვნული ბანკის, ქვეყნის პირველი ბანკირი იძახდეს, რომ მე კომენტარს არ გავაკეთებ. ეს უკვე ისეთი კომენტარია, რომელიც მოსახლეობაში პანიკას იწვევს," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
დღეს, ერთი ევროს ღირებულება ეროვნული ბანკის კურსით 3.01 ლარია, თუმცა კერძო ბანკებში გაცვლითი კურსი კიდევ უფრო მაღალია. იზრდება დოლარის ღირებულებაც. ოფიციალური მონაცემებით, დღეს ერთი ამერიკული დოლარი 2.55 ლარია. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კი 2.60 ლარი.