ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ მკვლელობაში მსჯავრდებული ბალერინა, ანი მურადელი კვლავ ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადის მკურნალობას. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ მურადელის მეგობარმა, მიშა ჭითაშვილმა განუცხადა, ანის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია.
„ანი კვლავ რეაბილიტაციის კურსს გადის. ექიმების განცხადებით, მას საკმაოდ კარგი პროგრესი აქვს. შედარებით კონტაქტურიც არის, მაგრამ ძალიან მძიმეა მისი ფსიქიკური მდგომარეობა. ფაქტობრივად, ახლა იაზრებს რაც მოხდა. ანის სანახავად ნოემბრის თვეში ვაპირებ მისვლას. მასთან დაახლოებით, ერთი კვირის წინ, ჩემი თანამშრომელი იყო ჩასული, მან ეს ადამიანი იცნო.
ყოველ 6-8 თვეში ერთხელ, კონსილიუმი იკრიბება ხოლმე და განიხილავენ მდგომარეობა რამდენად დამაკმაყოფილებელია“, - განუცხასა „ჯი-ეიჩ-ენს“ ჭითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალერინა ანი მურადელი მიმდინარე წლის 21 მაისს, დედის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წაუყენეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
20 ივნისს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ დედის მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა შეწყვიტა. მას ერთი წლითა და 6 თვის ვადით იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაენიშნა.