აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის OPEN პროგრამის ფარგლებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა 59% ევროკავშირის მიმართ დადებითად არის გაწყობილი, რაც ყველაზე კარგი მაჩვენებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
საქართველოს გარდა, ევროკავშირმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინაში.
კვლევის ფარგლებში 2017 წლის მარტიდან მაისამდე საქართველოში პირისპირ გამოიკითხა 1 000-ზე მეტი ადამიანი.
საქართველოს მოქალაქეთა 83% მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს - ეს მაჩვენებელი გაიზარდა შარშანდელ მაჩვენებელთან (75%) შედარებით და საგრძნობლად აღემატება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს - 61%-ს.
საქართველოს მოქალაქეთა 66% ენდობა ევროკავშირს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი აღემატება გაერო-ს (56%) და ნატო-ს (54%) მიმართ ნდობის მაჩვენებლებს.
საქართველოს მოქალაქეთა თითქმის ნახევარზე მეტი (58%) კარგად არის ინფორმირებული ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. მოქალაქეთა თითქმის 1/3 თვლის, რომ არსებული მხარდაჭერა ეფექტურია.
ყოველწლიური გამოკითხვები უკვე ორი წელია ტარდება – კვლევის პირველი ეტაპი 2016 წელს დაიწყო.