შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურებისთვის ახალი რეგულაციების დაწესებას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა.
გადაწყვეტილებას მხარი 477 დეპუტატმა დაუჭირა, 139 დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა, თავი კი 50-მა დეპუტატმა შეიკავა.
პროექტის თანახმად, მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ, ავტორიზაციის ელექტრონულ სისტემაში სამგზავრო ნებართვის აღება მოუწევთ.
აპლიკანტმა სპეციალურად შექმნილ საიტზე ონლაინ-აპლიკაციის შესავსებად უნდა ჩაწეროს პერსონალური და სამგზავრო დოკუმენტის მონაცემები, ასევე განათლებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.
კითხვები მოიცავს აპლიკანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასაც. მონაცემებს ევროპოლისა და ინტერპოლის შესაბამისი ორგანოები გადაამოწმებენ. არსებული ინფორმაციით ახალი წესი 2020 წლიდან ამოქმედდება.