რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდნენ მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ე.წ. მატროსოვის ციხეში მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი და დეკანოზი რევაზ სიხარულიძე.
როგორც მეუფე დიმიტრიმ ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოზმა მას ბოდიში მოუხადა, რადგან ბევრ თემას მასთან არ ათანხმებდა. თუმცა, ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
„მან ბოდიშიც მოიხადა, ბევრ საკითხებს შენთან არ ვათანხმებდიო. მე ვკითხე მას, თუ შორენამ შეგიკვეთა და მე მთვლი მოძღვრად, რატომ არ ჩამაყენე საქმის კურსში-მეთქი, მან თქვა, რომ ეს იყო მისი შეცდომა.
„მთავარი კითხვა ჩემი ის გახლავთ, იქ როდესაც არის საუბარი დოზაზე, განეიტრალებაზე, ტკბილის და ა.შ. ვისზეა საუბარი - ადამიანზე, ცხოველზე... თვითონ როგორც ამბობს, დამონტაჟებულია უცნაურად. ირაკლი მამალაძე მისვამს კითხვებს და მე ვეუბნებიო, ეს ადამიანის მოსაკლავად კი არ მინდაო“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
შეგახსენებთ, რომ მეუფე დიმიტრისთან შეხვედრას დეკანოზი მამალაძე რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა.