საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 2017 წლის 25 ოქტომბერს, მიიღო გადაწყვეტილება, რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 7.00 პროცენტზე დატოვების შესახებ.
"სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.2 პროცენტი შეადგინა, თუმცა მესამე კვარტალის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი პროგნოზირებულთან შედარებით მცირედით დაბალი იყო. არსებული პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება და მომავალი წლის დასაწყისში, დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, სამპროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. ამასთანავე, ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფლაციური მოლოდინები არ შეცვლილა და ფასების ზრდაზე დამატებით ზეწოლას არ ქმნის. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება გადაწყვიტა. თუკი არ წარმოიშვება დამატებითი შოკები, საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება და მის ნეიტრალურ დონეს დაუახლოვდება.
2017 წლის დასაწყისიდან გაუმჯობესებული ეკონომიკური აქტივობის შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5 პროცენტამდე გაზარდა. წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის რვა თვის განმავლობაში ეკონომიკის ზრდა 4.7 პროცენტია. თუმცა, შიდა მოთხოვნა და ზოგადად ეკონომიკური აქტივობა კვლავ პოტენციურ დონეზე ნაკლებია და, შესაბამისად, ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან ზეწოლის რისკებს არ ქმნის", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში