დედაქალაქის საკრებულოში პროპორციული 25 ადგილიდან, ცესკო-ს წინასწარი, 11:00 საათის მონაცემების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 15 ადგილი შეხვდება, „ნაციონალურ მოძრაობას“ - ხუთი, „ევროპულ საქართველოს“ - ორი, „პატრიოტთა ალიანსს“ კი ერთი.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გადაუნაწილებელირჩება ორი მანდატი, რომლის გადანაწილებაც საბოლოო შედეგების მიხედვით მოხდება.
„ქართულ ოცნებას“ პროპორციულ ნაწილში, 15 ადგილის გარდა, მოგებული აქვს თბილისის 25-ვე მაჟორიტარული ოლქი, ამიტომ დედაქალაქის 50-კაციან საკრებულოში მმართველი პარტია სავარაუდოდ 40-კაციანი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.
თვითმმართველობის არჩევნებზე პროპორციულ ნაწილში მიღებული ხმების მანდატებში გადათვლა სპეციალური ფორმულით ხდება და ამას „საარჩევნო კოდექსის“ 162-ე მუხლი განსაზღვრავს. პარტიების მიერ არჩევნებზე პროპორციულ ნაწილში მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება საკრებულოს პროპორციული მანდატების რაოდენობაზე (თბილისში 25, სხვა მუნიციპალიტეტებში 15) და იყოფა ყველა იმ პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამურ რაოდენობაზე, ვინც გადალახა 4%-იანი ბარიერი.
ამ ფორმულით, დედაქალაქში, 11:00 საათისთვის ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო - 176987 ხმა ( 176 987 X 25 (მანდატები) : 285 558 („ევროპული საქართველოს“, „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მიღებული ხმების საერთო რაოდენობა= 15,4 ) ანუ 15 გარანტირებული ადგილი
„ნაციონალური მოძრაობა“ - 59058 ხმა ( 59058 X 25 : 285 558 = 5,1) გარანტირებული ხუთი ადგილი
„ევროპული საქართველო“ - 30666 ხმა (30666 X 25 : 285 558 =2,6) გარანტირებული ორი ადგილი
„პატრიოტთა ალიანსი“ - 18847 (18847 X 25 : 285 558 =1,6) გარანტირებული ერთი ადგილი
ამ ციფრებში დარჩენილი წილადები არის გადაუნაწილებელი მანდატები და პირველად მანდატს მიიღებს ის, რომელსაც უფრო მაღალი წილადი აქვს. ამ შემთხვევაში, „ევროპულ საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ ერთნაირი, 0,6 წილადი აქვთ და ორი მანდატიც, ამ დროის მონაცემებით, ამ ორ პარტიას შეხვდება.