"საქართველო და სხვა ასოცირებული პარტნიორი ქვეყნები, ევროკავშირისა და მისი მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მძიმე აგრესიის წინა ხაზზე დგანან. აღმოსავლეთ პარტნიორობა, როგორც ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიული განზომილება, რეგიონში სტაბილურობის, პოლიტიკური ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური განვითარების მთავარი გარანტია."- განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტში, საგარო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას "აღმოსავლეთ პარტნიორობის" დაგეგმილ სამიტზე საუბრისას.
მან ისაუბრა იმ შედეგებზე, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა ბოლო წლებში მიაღწიეს. მათ შორის ყურადღება გაამახვილა უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე საქართველოს მოქალაქეებისათვის, რასაც წინ უძღოდა მნიშვნელობანი ძალისხმევა, გატარებული რეფორმები და სამუშაოები. მან ქართველი ხალხის სახელით ევროპარლამენტარებს მადლობა გადაუხადა ვიზალიბერალიზაციის პროცესში გამოხატული მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგომ შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად, საქართველომ აამუშავა ყველა საჭირო მექანიზმი და ჯერ კიდევ მიმდინარეობს ყოვლისმომცველი საინფორმაციო კამპანია, სადაც ზედმიწევნითაა ახსნილი მოქალაქეების უფლებები და ვალდებულებები.
როგორც სიტყვით გამოსვლისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მიღებული გამოცდილება და მიღწეული შედეგები საქართველოს დაეხმარება განსაზღვროს სამომავლო ნაბიჯები. მისი შეფასებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა უნდა აჩვენოს ნათელი პოლიტიკური ხედვა და მომავალი მიზნები, "აღნიშნული ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ნდობა მხოლოდ პრაქტიკულ შედეგებს არ ეფუძნება"- დასძინა მინისტრმა.