მიხეილ სააკაშვილმა რეალურად დაამარცხა კორუფცია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მოხდა ადამიანების უფლებების შელახვის ხარჯზე, მედიის უფლებების დარღვევის ხარჯზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „დოჟდთან“ ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, სააკაშვილმა ჩამოაყალიბა სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ეფექტურად მუშაობდნენ და ახლაც მუშაობენ.
„მან რეალურად დაამარცხა კორუფცია. ეს ფაქტია. მან ჩამოაყალიბა სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ეფექტურად მუშაობდნენ და ახლაც მუშაობენ. ვგულისხმობ მოქალაქეების სერვისებს. ვსაუბრობ საპატრულო პოლიციაზე, საბაჟო და სხვა სამსახურები. ეს ფაქტია და ეს ყველაფერი დღემდე მუშაობს. სამწუხაროდ, ეს მოხდა ადამიანების უფლებების შელახვის ხარჯზე, მედიის უფლებების დარღვევის ხარჯზე. ესეც ფაქტია. შესაბამისად, ქართველმა ხალხმა ამ ფაქტებზე რეაგირება მოახდინა და მისი მთავრობა ჩვენი, „ქართული ოცნების“ მთავრობით შეცვალა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.