სს „ლიბერთი ბანკმა“ (შემდგომში „ბანკი“) დღეს აქციათა საკონტროლი პაკეტის წილის მფლობელის შეცვლის შესახებ განაცხადა. აქციათა 74.64%-იანი წილი ნიდერლანდების სამეფოში დაარსებულმა კომპანიამ „European Financial Group B.V.“-მ (შემდგომში „EFG“) შეიძინა.
ამ გარიგების შედეგად ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე). ეს გარიგება ბანკის სტრატეგიული განვითარებისა და მომავალი ზრდისთვის პოზიტიური შედეგის მომტანია, რადგან „EFG“-ის მფლობელები არიან წარმატებული ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში დიდი ოდენობის აქტივებს ფლობენ და მართავენ; მათ გააჩნიათ საქართველოს ბიზნეს სექტორის და განსაკუთრებით საბანკო სექტორის სიღრმისეული ცოდნა. ბანკის მენეჯმენტი ელოდება ბანკის ზრდის და განვითარების გაგრძელებას ახალ აქციონერებთან ერთად საკუთარი კლიენტებისა და საქართველოს საბანკო სექტორის უკეთესად მომსახურებისთვის.