მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ აღჭურვილია სრულიად თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
,,დღეს ქალაქ თბილისის მეტროპოლიტენის 23–ე სადგური გაიხსნა. 20–წლიანი პაუზის შემდეგ 2015 წელს, ჩვენ განვაახლეთ ამ მეტროსადგურის მშენებლობა და დღეს ეს პროექტი წარმატებით დასრულდა. მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა 84 მილიონი ლარის სახით. მინდა მადლობა გადავუხადო აზიის განვითარევბის ბანკს, მათი დახმარებით მოხერხდა ამ პროექტის დაფინანსება. სამშენებლო სამუშაოები განახორციელა ერთ–ერთმა ცნობილმა კომპანიამ, რომელსაც უმსხვილესი პროექტები აქვს განხორციელებიული მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მეტროსადგური აღჭურვილია სრულიად თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, სადაც სრულად არის დაცული უახლესი თანამედროვე სტანდარტები.
დღეისათვის თბილისის მეტროსადგურით სარგებლობს 350 –400 ათასი ადამიანი. ამ სადგურის ამუშავება დღეში დამატებით 15 ათასზე მეტ ადამიანს გაუადვილებს დანიშნულების ადგილამდე მისვლას.