აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო ხედვებისა და მათი ფინანსური შეფასების პრეზენტაცია გამართა.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თბილისის მერობის კანდიდატების მიერ საკუთარი წინასაარჩევნო ხედვების უკეთ ფორმირების წახალისებისა და მათი საზოგადოებისათვის მოსახერხებელი ფორმით მიწოდების მიზნით, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა (EECMD) თბილისის მერობის კანდიდატებს შესთავაზა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე მოკლე პასუხების გაცემა.
EECMD - ის ინფორმაციით, „დაპირებების რაოდენობა, რომელთა ეკონომიკური ანალიზი არის შეუძლებელი, ძალიან დიდია. ჩვენ ყველა კანდიდატს ვთხოვეთ კითხვარების შევსება, რათა მოგვეხდინა მათი ანალიზი. ყველაზე მეტი პასუხესმგებლობით კითხვარები შეავსო სამმა კანდიდატმა. ესენი არიან კახი კალაძე, ელენე ხოშტარია და თენგიზ შერგელაშვილი“, - განაცხადა აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ.
არჩევნებში მონაწილე თბილისის მერობის კანდიდატების პასუხები განთავსებულია განახლებულ ვებ-გვერდზე. www.partiebi.ge-ის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს ცალკეული პოლიტიკური პარტიების/ბლოკების და კანდიდატების ხედვებს და თემატურად შეადაროს ისინი ერთმანეთს.
ამასთან, თითოეული კანდიდატის წინასაარჩევნო დაპირებები ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტებმა შეაფასეს.
ნინო ლომჯარიას თქმით, წლევანდელ არჩევნებში გამოიკვეთა ყველა კანდიდატისთვის დამახასიათებელი ტენდენცია: „რაც შეგვიძლია გამოვყოთ არის ის რომ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ახლა ყველა კანდიდატის აქცენტი კეთდება ეკოლოგიურ თემებზე. სხვა პრიორიტეტებზე საუბრის დროსაც კი, ისინი ისევ ეკოლოგიის თემას უბრუნდებიან. მაგალითად, როგორ მოაგვარებს ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგება, ეკოლოგიის პრობლემას“.
ღონისძიებას თბილისის მერობის კანდიდატები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვებ-გვერდი ხელმისაწვდომია ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე. იგი ასევე ადაპტირებულია უსინათლო და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის.
www.partiebi.ge EECMD-ის პროექტია, რომელიც 2012 წლიდან ხორციელდება. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) რეგიონული წარმომადგენლობის ბაზაზე შეიქმნა და აგრძელებს მის საქმიანობას.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ჰოლანდიის საელჩო საქართველოში.