საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის პირველი არაევროკავშირის წევრი ქვეყანა,რომელიც გახდა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (aea-eal) სრული წევრი.
ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი მარია სლაზაკი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა გააღრმავებს ურთიერთობებს და წვლილს შეიტანს ახალი იდეების და ერთობლივი პროექტების რეალიზაციაში.
,,მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჩვენი ასოციაციის შეცვლილი დებულების თანახმად, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციებს და ადვოკატებს, უფლება აქვთ გაწევრიანდნენ სრული წევრის სტატუსით. შესაბამისად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მიღებულ იქნა ევროპის ადვოკატთა ასოციაციაში სრული წევრის სტატუსით. ევროპის ადვოკატთა ასოციაციის სახელით, მაქვს პატივი, თქვენ და ქართველი ადვოკატები მიგიღოთ ჩვენს კოლეგებად და მეგობრებად, რომლებიც ვიზიარებთ ერთიანი, ევროპული იურიდიული პროფესიის ღირებულებებს. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს და წვლილს შეიტანს ახალი იდეების და ერთობლივი პროექტების რეალიზაციაში, რაც არამხოლოდ ჩვენი ასოციაციებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ, ასევე, სხვა ქვეყნების ადვოკატებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ჩვენს დახმარებას”, - წერს მარია სლაზაკი.
ადვოკატთა ევროპული ასოციაცია (EAL) დაფუძნდა 1986 წელს. პროფესიული გაერთიანება მოწოდებულია ხელი შეუწყოს ევროპის წევრი ქვეყნებისა და ასოციაციის წევრი ადვოკატთა ასოციაციების განვითარებას. 30 წელზე მეტია, ევროპის სხვადასხვა კუთხეში, ასოციაცია ორგანიზებას უწევს თემატურ სემინარებს და კონფერნციებს. ეს მოვლენები ხელს უწყობს საზოგადოების იდენტობის განვითარებას ევროპელ ადვოკატთა შორის, ისინი ასევე უზრუნველყოფენ გამოცდილების გაზიარებას.