ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ მოსკოვთან დიალოგი აუცილებელია, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, არსებობს სოხუმსა და ცხინვალში ვიზიტის პერსპექტივა. თუმცა დიალოგისთვის საქართველოს ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს.
,,ხელისუფლებამ სოხუმთან და ცხინვალთან ლაპარაკი უნდა დაიწყოს. ვაშინგტონშიც კი მიიჩნევენ, რომ მოსკოვთან დიალოგი აუცილებელია, რათა უზარმაზარი მტრობა და დაპირისპირება ჩაქრეს, რაც არის.
ძალა არ გვაქვს, რომ რუსეთს მოვერიოთ, რადგან ათასჯერ მეტი ტერიტორია აქვს. დიალოგი აგრესიას აქრობს და გამოსავალია საქართველო-ნატო-რუსეთის ფორმატი. საქართველოში კონფერენცია უნდა ჩატარდეს, რუსი და ამერიკელი კონგრესმენები ჩამოვიყვანოთ, სადაც განხილვის საგანი - თავდაუსხმელობა, საზღვრების საკითხი იქნება.
რუსეთი თანახმაა, ასეთ ფორმატზე ვილაპარაკოთ. როგორც მინიმუმ, ეს ფორმატი იმას მაინც მოგვიტანს, რომ რაღაც კოლექტიურ გარანტიაზე შევთანხმდეთ. რუსეთში შეხვედრაზე თითოეული სიტყვა რაც ითქვა, ამის სტენოგრამა არსებობს. კარგი პასუხებია, მაგრამ თქვენთვის კონფიდენციალურია. ამას საერთაშორისო ორგანიზაციები მიიღებენ და ხელისუფლებამ ყველაფერი იცის", - განაცხადა თარხან-მოურავმა.