,,ძალიან ცუდია, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა აგრძელებენ ამ შუაგულ საარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციის შიგნით დაპირისპირებისა და განხეთქილების თესვას, თან უსინდისო და სულელური ბრალდებებით“, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს.
,,სამწუხაროდ, დღეს მიხეილ სააკაშვილი ოპონენტად არა ქართულ ოცნებას არამედ ევროპულ საქართველოს აღიქვამს, ჩვენთვის კი ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა ივანიშვილის მმართველობაა. სააკაშვილს უნდა, რომ ოპოზიციის ლიდერი იყოს უკრაინაშიც და საქართველოშიც, ოღონდ უკრაინაში, სადაც ის ფიზიკურად იმყოფება იქ ოპოზიციის გაერთიანების მომხრეა და რადგანაც საქართველოში ვერ ჩამოდის, ოპოზიციაში დაპირისპირების მომხრეა. გამოდის, რომ მის გარეშე წარმატებას არ უნდა ჰქონდეს ადგილი - ასეთია მისი კონცეფცია. რაც შეეხება სულელურ და აბსურდულ ბრალდებას, რომ ჩვენ არ ჩამოვუშვით საქართველოში, ჯერ ერთი როგორ უნდა შეგვეშალა ამისთვის ხელი და მეორეც, 1 წელია უკვე გაყოფილია ეს პარტია და ეს ერთი წელიწადი რა უშლიდა ხელს, ან დღეს რა უშლის ხელს საქართველოში ჩამოსვლაში.
სიმართლე ისაა, რომ საქართველოში არ ჩამოდის იმის გამო, რის გამოც წავიდა იგი საქართველოდან და უნდა ვიკითხოთ როდის იტყუებოდა, როცა იძახდა, რომ ზეგ საქართველოში ვიქნებიო, როცა თქვა არჩევნებამდე ორი დღით ადრე, რომ აღარ ჩამოდის, თუ მერე, როდესაც საჯაროდ აგვიხსნა, რომ თურმე ივანიშვილს აშინებდა და არც განუხილია ჩამოსვლა. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ სულ იტყუებოდა ამ დროს და ჯერ ივანიშვილს თავი გამოაყენებინა არეულობის შიშის დასათესად, მერე საკუთარ ამომრჩევლებში გამოიწვია იმედგაცრუება, როცა თქვა რომ აღარ ჩამოდის და ახლა ცდილობს ოპოზიციის შიგნით განხეთქილებას, რომ მის გარეშე არ ჰქონდეს ივანიშვილის რეჟიმს აღსასრული. ეს არ შედის ქართველი ხალხის ინტერესებში, ჩვენ ინტერესებშია დავასრულოთ ეს რეჟიმი მშვიდობიანი არჩევნების გზით, ამიტომ ყველა კრიტიკულად განწყობილი მოქალაქე უნდა მოვიდეს ამ არჩევნებზე და შემდეგ არჩევნებზე და ხმა მისცეს ივანიშვილის რეჟიმის შეცვლას“, - აცხადებს ბოკერია.