„საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, ეროვნულ ბანკს არ აქვს რაიმე კონკრეტული მაჩვენებელი გაცვლით კურსთან დაკავშირებით და ისევე, როგორც სხვა ცენტრალური ბანკები, არ აკეთებს გაცვლითი კურსის პროგნოზირებას, აღნიშნულის შესახებ განცხადებას სებ"-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აკეთებს.
გვენეტაძის განმარტებით, მთავარი ამ მიმართულებით არის ის, რომ ქვეყანაში იყოს ბაზრის მიერ შემოთავაზებული კურსი.
„ეს იქნება ის კურსი, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას, ნებისმიერ შემთხვევაში, პოტენციური საგარეო შოკის შემთხვევაში, რაც შეიძლება ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯებით გადაიტანოს ეს შოკი. ის, როგორც განხორციელდა 2014-2015-2016 წლების შოკის შემდეგ. გაცვლითი კურსის ასეთი რეჟიმი მნიშვნელოვანია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის და ის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნა კონკურენტუნარიანობა ძალიან კარგად ჩანს იმ საგარეო სექტორში გაზრდილ მაჩვენებელში, რომელზეც დღეს იყო საუბარი. მინდა დავამატო, რომ ამ მიმართულებით გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები და ის მიმართულება, რაზეც ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად, ეს არის დოლარიზაციის შემცირება ქვეყანაში, როგორც მოგახსენეთ აქ შედეგი გვაქვს", აღნიშნა კობა გვენეტაძემ.