შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ევროპული საქართველოს“ თელავის ოფისთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე შესაძლო მუქარის ფაქტზე დადგენილია პირის ვინაობა, რომლის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად სათამაშო იარაღი ამოიღეს.
„აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით (მუქარა). ოპერატიულად დადგინდა პირის ვინაობა. მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად სათამაშო იარაღი ამოიღეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“,- განაცხადეს შსს-ში.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერების მტკიცებით, პარტიის თელავის მაჟორიტარობის კანდიდატ ნოდარ ეჟიშვილს უცნობი პირი იარაღით დაემუქრა.