გულითადად ვთხოვ [ოპოზიციონერ დეპუტატებს], გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და დატოვონ თბილისის საკრებულო, - ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ელისაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ პუტშკინის სკვერში მუნიციპალური მიწისქვეშა პარკინგი უნდა გაკეთებულიყო. მისივე თქმით, დადასტურდა, რომ მხოლოდ 30 ავტომობილზე იქნება სადგომი.
"მხოლოდ და მხოლოდ 30 მანქანაზე იქნება ეს ავტოპარკინგი, რაც იმას ადასტურებ, რომ სინამდვილეში სწორედ ბიძინა ივანიშვილის სასტუმროსთვის კეთდება ეს პარკინგი და არა საერთო სარგებლობისთვის. მე მსურს მოვუწოდო თბილისის საკრებულოს, კიდევ ერთხელ ნუ შეირცხვენს საკრებულოს ეს შემადგენლობა თავს, თავისი მუშაობის სამწლიანი უღიმღამო პერიოდი ამით არ დაასრულონ და არ განიხილონ ეს საკითხი. ასევე, მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით ოპოზიციონერ დეპუტატებს, ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი განაგრძობს აბუჩად აგდებას თბილისის საკრებულოს, კიდევ რა მიზეზი უნდათ იმისთვის, რომ დატოვონ საკრებულო. მათი ხმები იქ ვერაფერს ვერ შეცვლის, მათი იქ ყოფნა იქნება უბრალოდ "გაპრავება" ივანიშვილის 1 ლარად ქონების ჩუქებისა. შესაბამისად , გულითადად ვთხოვ, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და დატოვონ თბილისის საკრებულო. ნუ იქნებიან ბიძინა ივანიშვლის ნოტარიული ბიუროს წევრები. ეს არის ჩემი თხოვნაც და ჩემი მოწოდებაც", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.