საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ბელორუსის ელჩს საქართველოში, მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა. ნოდარ ხადურმა ელჩს სააგენტოს საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, მ.შ. 17-18 ნოემბერს კონკურენციის პოლიტიკის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი პირველი საერთაშორისო კონფერენციის მზადებასთან დაკავშირებით.
ელჩმა სააგენტოს თავმჯდომარეს გადასცა ბელორუსის ანტიმონოპოლირი რეგულირებისა და ვაჭრობის მინისტრის, ვლადიმერ კოლტოვიჩის სურვილი პირადად მიიღოს მონაწილეობა კონფერენციის მუშაობაში. მხარეებმა განიხილეს საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და ბელორუსიის ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ვაჭრობის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობა, რომელიც ორი მეგობარი სახელმწიფოს კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებას და განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
„ბელორუსია არის ჩვენი დიდი მეგობარი და მნიშვნელოვანი პარტნიორი. ბიზნეს და ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით, კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, ვფიქრობ, კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები უფრო ხელშესახებ შედეგებს მოგვცემს. თქვენი მხარდაჭერა და მონაწილეობა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა შეხვედრაზე.