2017 წლის 5-6 ოქტომბერს საქართველოს ეწვევიან ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩები.
ვიზიტის ფარგლებში PSC-ის ელჩები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან; საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან; საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ქეთევან ციხელაშვილთან; საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან; ასევე, იგეგმება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) საველე ოფისისა და ოკუპაციის ხაზის მონახულება; ამასთანვე დაგეგმილია შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩების საქართველოში ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს და ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პროცესში. ვიზიტის ფარგლებში ელჩებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას.