„ანაკლია სითის“ დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი და კომპანიის სხვა წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით შვეიცარიას ეწვივნენ. 2-6 ოქტომბერს „ანაკლია სითის“ წარმომადგენლები შვეიცარიის ქალაქ ციურიხში „აბრეშუმის გზის ფორუმს“ დაესწრებიან. ფორუმი, სახელწოდებით: „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის სფეროებში ახალი კონტაქტების და თანამშრომლობისთვის ახალი იდეების მოძიებას ეძღვნება. ფროუმზე სიტყვით გამოვიდა „ანაკლია სითის“ დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი. საკუთარ გამოსვლაში, თემაზე „უმოკლესი გზა ჩინეთსა და ევროპას შორის“ მან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტის მნიშვნელობასა და არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში, შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, დაგეგმილია ათამდე მნიშვნელოვანი ბიზნეს შეხვედრა ლოჯისტიკურ, სატრანსპორტო და სამრეწველო საქმიანობით დაკავებულ სხვადასხვა მულტინაციონალურ კომპანიებთან. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარებასთან ერთად 2017 წლის ივნისში ქალაქ ანაკლიის პროექტი დაიწყო.
ქალაქი ანაკლია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მწვანე ეკონომიკის პრინციპებით განვითარდება, რეგიონში მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად მოიაზრება. ქალაქის გაშენება ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. ქალაქში გაშენდება და განვითარდება როგორც ინდუსტრიული პარკი, ასევე საცხოვრებელი კომპლექსები, გამოიყოფა საგანმანათლებლო ტერიტორია, საოფისე ფართები, მოეწყობა რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, საგამოფენო სივრცეები და პავილიონები. „ანაკლია სითი“ მოიაზრება, როგორც სატელიტური ქალაქი, სადაც ურბანული დაგეგმარება დაეფუძნება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენებას, რაც გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და გახდის მას უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს .