„პროკურორს კითხვები არ დაუსვამს, მთხოვა მთელი ისტორია მომეყოლა. ჩემთან კითხვები ძირითადად, ადვოკატს ჰქონდა. შთაბეჭდილება შემექმნა, ადვოკატს საქმე იქითკენ მიჰყავდა, რომ დამნაშავე არა ადეიშვილი, არამედ კეზერაშვილი გამოსულიყო. როგორც ჩანს, ურთიერთობების გაფუჭებამ გამოიწვია ის, რომ მეორე მხარეს აწყობს ამ საქმეში დამნაშავე კეზერაშვილი გამოვიდეს“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ დაკითხვიდან გამოსულმა კობა დავითაშვილმა.
მან სასამართლოს 2007 წლის ნოემბრის აქციების მიმდინარეობისას, მისი გატაცებისა და ცემის ფაქტთან დაკავშირებით მისცა ჩვენება. მისი განცხადებით, ეს ფაქტი მიხეილ სააკაშვილის დავალებით, პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით განხორციელდა.
„ეს იყო თავდასხმა, რომელსაც ორგანიზება მიხეილ სააკაშვილმა გაუკეთა, ზურაბ ადეიშვილი კი უშუალო შემსრულებელი იყო. სასამართლოს სწორედ ამასთან დაკავშირებით მივეცი ჩვენება“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ის რამდენიმე კვირის წინ აღნიშნავდა, რომ სანამ სააკაშვილს ბრალდებულის სკამზე არ დასვამდნენ, მანამდე ჩვენებას არ მისცემდა. თუმცა, დღეს ის სასამართლოში მაინც გამოცხადდა და საკმაოდ ემოციური სიტყვებითაც წარსდგა მოსამართლის წინაშე.
„სასამართლომ ოფიცილურად გამომიძახა და ვალდებული ვიყავი, მივსულიყავი... როცა იმ ფაქტებს ვიხსენებ, ძალაუნებურად მაშინდელი ემოციები მახსენდება... დიდი რამის მოლოდინი მაქვს-მეთქი, ვერ გეტყვით, რადგან მთავარი დამნაშავე მიხეილ სააკაშვილია. ადრეც გითხარით, თუ ადეიშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ მისცემს ჩვენებას, თანახმა ვარ, საპროცესო გაუფორმონ-მეთქი. სათავეში მყოფი უნდა დაისაჯოს და არა მხოლოდ შემსრულებლები. თუმცა, არ მგონია, ეს მხოლოდ ჩვეს ქვეყანაზე იყოს დამოკიდებული. ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სააკაშვილს გავლენიანი მფარველები ჰყავს, ისინი იცავენ მათ“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
ის დღეს სასამართლოში დაკითხვაზე ეტლით მიიყვანეს.
„იმ დღიდან მოყოლოებული ჩემი მდგომარეობა ნელ-ნელა უარესდებოდა. ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით, ბოლო 3 თვის განმავლობაში გამიმწვავდა, როცა ფეხებში მგრძნობელობა დავკარგე. ძალიან მიჭირს სიარული, ხან ვახერხებ, ხან კი, როცა ღრუბლიანი, წვიამიანი ამინდია, პრაქტიკულად უმოძრაო ვხდები, ძლიერი ტკივილები მაქვს. დიაბეტის გამო მაქვს ფეხებში მგრძნობელობა დაკარგული. ამას გარდა, ხერხემლის ტკივილებიც მაწუხებს. ფაქტია, რომ დიაბეტის განვითარებას ხელი მუდმივმა სტერსმა შეუწყო, ხერხემლის პრობლემა კი ტრავმის შედეგია“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ კობა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილის ცემის საქმეზე ბრალდებული იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილია.