თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს.
ამის შესახებ "ჯი -ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
დედაქალაქის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეზღუდულია მოძრაობა, რადგან აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.
მანამდე კი აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - აქტივისტები დედაქალაქის მერ დავით ნარმანიასთან შეხვედრის მიზნით, მერიის შენობაში შესვლას ცდილობდნენ.
ადგილზე შეკრებილები მოითხოვენ, თბილისის მერიამ არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება იმ ტერიტორიების გასხვისების თაობაზე, რომლებსაც საკრებულომ გასულ კვირას ზონის სტატუსი შეუცვალა.
ცნობისთვის, საკრებულოს გადაწყვეტილების შემდეგ გასხვისების თაობაზე მერიამ უნდა მოამზადოს დოკუმენტი და დამტკიცებისთვის ისევ საკრებულოს გადაუგზავნოს.
29 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთისა და ასევე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 5000 კვ მეტრი ტერიტორიისათვის ზონალური სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს.