თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები დედაქალაქის მერ დავით ნარმანიასთან შეხვედრის მიზნით, მერიის შენობაში შესვლას ცდილობენ.
ამ წუთებში მერიის ყველა შესასვლელს საპატრულო პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აკონტროლებენ.
ენმ-ის წევრის, ნიკა რურუას განცხადებით, არ შეიძლება ქალაქი ვიღაცამ ჩაიდოს ჯიბეში.
"თბილისის გაყიდვა ერთ ლარად არ გამოვა, არც ერთ ლარად და არც მილიონ ლარად. არ შეიძლება ქალაქი ვიღაცამ ჩაიდოს ჯიბეში. ბოტანიკური ბაღი იქნება ეს პუშკინის სკვერი თუ ნებისმიერი სხვა ადგილი. მაგიტომ ვართ აქ. არავის არ მოსწონს ეს ჭიდაობა, მაგრამ პასუხს როცა კორუმპირებული ხელისუფლება არ გაძლევს, აუცილებლად იქნება პროტესტი, სხვა გზა არ არის. ხალხის ძალას ვერ დააკავებ ვერანაირი პოლიციის ჯაჭვით,“-განაცხადა ნიკა რურუამ.
დედაქალაქის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის თქმით კი თბილისის მერიაში ოთხი ადამიანის შესვლის „შიში“ აქვთ.
„ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა არც გზის გადაკეტვა და არც ჭიდაობა. ჩვენ გვინდა პასუხი ერთ მარტივ კითხვაზე შეაჩერებს თუ არა თბილისის მერია იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პუშკინის სკვერსაც და თაბორის მთას უკავშირდება. ამაზე პასუხის ღირსიც კი არ გახადეს მოსახლეობა, რომელიც დღეს აქ არის შეკრებილი. პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევთ,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მოითხოვენ, თბილისის მერიამ არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება იმ ტერიტორიების გასხვისების თაობაზე, რომლებსაც საკრებულომ გასულ კვირას ზონის სტატუსი შეუცვალა.
ცნობისთვის, საკრებულოს გადაწყვეტილების შემდეგ გასხვისების თაობაზე მერიამ უნდა მოამზადოს დოკუმენტი და დამტკიცებისთვის ისევ საკრებულოს გადაუგზავნოს.
29 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთისა და ასევე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 5000 კვ მეტრი ტერიტორიისათვის ზონალური სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს.