გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე, ნინო ლომჯარია თანამდებიდან გაათავისუფლეს.
ლომჯარიას ინფორმაციით, მას უფლებამოსილება ახალი ხელმძღვანელის დანიშვნისთანავე შეუწყდა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ირაკლი მექვაბიშვილმა სამუშაო კონტრაქტი აღარ გაუგრძელა.
მისივე თქმით, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე მხოლოდ ერთი ძველი კადრი გააგრძელებს მუშაობას, ორ ახალ მოადგილეს კი ირაკლი მექვაბიშვილი თანამშრომლებს დღეს წარუდგენს.
აღნიშნულის შესახებ ის Facebook- ის საკუთარ გვერდზეც წერს:
"მეგობრებო, დღეიდან ვასრულებ მუშაობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. მადლობელი ვარ იმ არაჩვეულებრივი გამოცდილებისთვის, რაც ამ სამსახურში შევიძინე, ყოფილი გენერალური აუდიტორის, რომელმაც საქმიანობაში სრული ნდობა და თავისუფლება მომანიჭა, ყველა პროფესიონალის, ვისთანაც ვმუშაობდი, საერთაშორისო ორგანიზაციების და დონორების, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვედგნენ, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების. ამაყი ვარ იმ მიღწევებით, რასაც ჩემი 10 თვიანი მუშაობის პერიოდში მივაღწიეთ ერთად. მჯერა, რომ ვიმუშავე ყველაზე პროგრესირებად და თანამედროვე საჯარო სამსახურში საქართველოში. რაც შეეხება ჩემს მომავალ გეგმებს, იმედია, მომეცემა შესაძლებლობა ვიმუშაო აქტუალურ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მზად ვარ ნებისმიერი საინტერესო შემოთავაზება განვიხილო", - წერს ლომჯარია.
ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ 2016 წლის აპრილიდან მუშაობდა.