იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს Facebook-ი აგიტაციისთვის არ გამოიყენონ,
„ყველა საჯარო მოხელეს მოვუწოდებ არ გამოიყენონ პირადი Facebook-ი გვერდი აგიტაციისთვის. ჩვენ დღეს შესაბამისი რეკომენდაცია გამოვეცით.ეს არის დაუშვებელი, რადგან ქმნის ინსტრუქციას მისდამი დაქვემდებარებული პირებისთვის, რომ ამა თუ იმ პარტიას დაუჭირონ მხარი", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, უწყებათაშორისო კომისიის შუალედური ანგარიშიდან ჩანს, რომ მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, რადგან როგორც იუსტიციის მინისტრი ამბობს, თუ 2014 წლის არჩევნებისას აღნიშნულ პერიოდში 150 მეტი საჩივარი იყო კომისიაში შესული, ახლა მხოლოდ 43 საჩივარი ფიქსირდება. „პრობლემა რჩება ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ბედავს და ყურანზე აფიცებს ადამიანებს, რომ ამა თუ იმ პარტიას მისცემა ხმას. ეს არის დასაგმობი. ასევე, ზოგიერთი ჩვენთვის პატივსაცემი აღმზრდელი და მასწავლებელი არღვევს კანონს და დროშები შეაქვთ კლასებში, ხოლო ზოგიერთ გამგებლის მოადგილეებს არ ესმით საკუთარი ფუნქციები", - განაცხადა წულუკიანმა.
დღეს იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეშვიდე სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.