საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ოფიციალური ვიზიტით, ხვალ პორტუგალიის რესპუბლიკას ეწვევა.
პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ლისაბონში, 1-3 ოქტომბერს შედგება, პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტ მარსელო რებელო დე სოუზას, პრემიერმინისტრ ანტონიო კოსტას და პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ედუარდო ფერო როდრიგესს შეხვდება.
გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხვალ, ლისაბონში ბელემის სასახლეში გაიმართება. პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრების შემდეგ მედიისათვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში რევაზ ბეშიძე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, და პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.
საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად პორტუგალიის კერძო სამეცნიერო "ფონდ შამპალიმოს" მოინახულებს, რომელიც ნეიროლოგიის, ონკოლოგიისა და კარდიოლოგიის სფეროებში ბიო-სამედიცინო კვლევების მიმართულებით მუშაობს.
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში პორტუგალიის უძველესი ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს და გრასას მონასტერს დაათვალიერებს, რომელშიც ქეთევან დედოფლის წამების ამსახველ პანოს გახსნის.