საქართველოს ხელისუფლების მაღალ პრიორიტეტებს შორისაა ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება და პროექტ ,,ერთი გზა, ერთი სარტყლის“ ფარგლებში ჩვენი ერთიანი ხედვის ხორცშესხმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 68-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, 2015 წელს, საქართველოს მთავრობამ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს” წარმატებით უმასპინძლა და დიდი სიამოვნებით უნდა აღინიშნოს, რომ წელს, 28-29 ნოემბერს, თბილისი უმასპინძლებს “ერთი სარტყელი, ერთი გზის” მეორე ფორუმს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო მზადაა, ჩინეთთან კიდევ უფრო განავითაროს ურთიერთობა და სრულად აითვისოს სავაჭრო, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული კუთხით არსებული პოტენციალი.
"ჩვენ მრავალი მიმართულებით უკვე მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ, თუმცა, წინ კიდევ უამრავი შესაძლებლობა გველის, რაც, დიდწილად უკავშირდება ჩინეთის პრეზიდენტის, ბატონ სი ძინპინის ინიციატივას “ერთი სარტელი-ერთი გზა”. განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ქმნის ხელშეკრულება, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ მოეწერა ხელი, ეს არის ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის და მნიშვნელოვნად გააღრმავებს ჩვენს შორის თანამშრომლობას“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა.