თაბორის მთა გადაიქცა ზვიგენარიუმად, - ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე ენმ-ის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
"თაბორის მთა გადაიქცა ზვიგენარიუმის თუ მავზოლეუმის მშენებლობად. ზვიგენარიუმი კეთდება ჩვეულებრივი. სამი კვირა გაქვთ დარჩენილი ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად. სამი კვირის მერე ამ ქალაქს აუცილებლად ეყოლება პატრონი, რომელიც სულ სხვა გადაწყვეტილებებს მიიღებს", - მიმართა საკრებულოს უმრავლესობას უდუმაშვილმა.
საკრებულოს გაერთიანებული კომიტეტების სხდომის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება. დღევანდელ სხდომაზე ხმაური პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებას უკავშირდებოდა. ტერიტორიისთვის სტატუსის ცვლილება ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტის" მოთხოვნას უკავშირდება. კომპანია საკრებულოსგან ამ ნაკვეთის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შესყიდვას გეგმავს. ამ მიწის ნაკვეთზე "პანორამა თბილისის" ობიექტის განთავსებაა დაგეგმილი.