სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის აგვისტოში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4.3%-ს შეადგენს, ხოლო 2017 წლის 8 თვის საშუალო რეალური ზრდა 4.7 პროცენტია.
„2017 წელს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა, რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით აგვისტოში 14%-ით არის გაზრდილი. აგვისტოში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში (6.9%),
სასტუმროებსა და რესტორნებში (18.5%) და უძრავი ქონების ოპერაციებში (7.8%)“ - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.
მისი განცახდებით, 2017 წლის აგვისტოში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოს საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა და აღნიშნული სექტორების მიერ გამოშვებული პროდუქციის ექსპორტის ზრდამ. კერძოდ, 2017 წლის აგვისტოში გაიზარდა:
o ფეროშენადნობის ექსპორტი 134%-ით;
o აზოტოვანი სასუქების ექსპორტი 84%-ით;
o სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 65%-ით;
o ღვინის ექსპორტი 58%-ით;
o სპირტიანი სასმელების ექსპორტი 29%-ით;
o მინერალური წყლების ექსპორტი 23%-ით.
რაც შეეხება ექსპორტს, როგორც ნინო ჯავახაძემ განმარტა, 2017 წლის 8 თვეში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 28.5%-ით არის გაზრდილი და და 1 682,8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. ექსპორტის ზრდა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შესაბამისად ექსპორტირებულ საქონელზე მოთხოვნის ზრდასთან.
ჯავახაძის განცხადებით, საერთაშორისო ვაჭრობის გარდა, 2017 წლის აგვისტოში გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, მათ შორის 15%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 121.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.
ასევე პოზიტიური ტენდენციაა მომსახურების ექსპორტის თვალსაზრისითაც. გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. აგვისტოში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 33.6%-ით (92.9 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 390.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„უნდა აღინიშნოს, რომ საგარეო შოკების გადალახვის ტენდენცია და ასევე მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზეც, რომელმაც ასევე პოზიტიური გავლენა მოახდინა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. ამავე დროს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და მიმდინარე რეფორმებზე კიდევ უფრო ზრდის ინვესტორთა ნდობას“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.