„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაასაარჩევნო გარემოს, ზეწოლა მუქარის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის შემთხვევებზეა საუბარი.
"განსაკუთრებული ტენდენციის სახით გამოიკვეთა ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები საოლქო საარჩევნო კომისიებში, რაც გამოიხატება კომისიის წევრთა ოჯახის წევრების არჩევნებში სხვადასხვა პოლიტიკური კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაში. ასეთი ფაქტები გამოვლინდა პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული რამდენიმე წევრის შემთხვევაშიც. საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად შესამჩნევი გახდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლა-მუქარის შემთხვევები. მათგან რამდენიმე შემთხვევაში ოპოზიციური პარტიის კანდიდატებს სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ის ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საკომუნიკაციო საშუალებების მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენებაში გამოიხატა",- ნათქვამია ანგარიშში.