პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, კონსტიტუციის ამ ფორმით მიღებამ არაორდინალური სიტუაცია შექმნა და გამოსავალი მხოლოდ ვეტოა.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მან ასევე განაცხადა, რომ შეიკრიბა ის ჯგუფი, რომელმაც ძალიან პოზიტიურად იმუშავა სულ რამდენიმე კვირის წინ.
,,სრულიად განსხვავებული შეხედულებების პოლიტიკურმა ძალებმა შეძლეს და შექმნეს ერთიანი თანხმობის დოკუმენტი კომენტარებისა და შესწორებების სახით არსებული კონსტიტუციის პროექტზე. ეს დოკუმენტი გავუზიარეთ საზოგადოებას, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, პარლამენტში მიღებული იქნა კონსტიტუციის ის დოკუმენტი, რომელიც საუკუნეებს უნდა უძლებდეს, მაგრამ დოკუმენტმა თავიდანვე საათებსაც ვერ გაუძლო. თავიდანვე ჩვენ მოვისმინეთ მმართველი პარტიის შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ არ მიღებული, ხელმოუწერელი დოკუმენტი, რომელიც არ არის უბრალო კანონი, არის საქართველოს კონსტიტუცია, უკვე თურმე ჩასასწორებელია ორ საკითხთან დაკავშირებით - ხაზს ვუსვამ, რომ ის ორი საკითხი რომელიც უნდა ჩასწორებულიყო იმ სიიდანაა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ. ამასთან ერთად ეს ის ორი საკითხია, რომელზეც ვალდებულება აიღო „ქართულმა ოცნებამ“, რომ ჩაასწორებდა. ვიტყოდი, რომ კონსტიტუციის ასე ჩქარა მიღება ასეთი დინამიკით, რომ ჯერ არ არის მიღებული და უკვე ჩასასწორებელია, არაორდინალურია. ამ ეტაპზე ეს არაორდინალურობა არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის სირთულე. ეს არის სირთულე ქვეყნისთვის. მინდა დღეს ჩვენ შევიკრიბოთ იმისთვის, რომ როგორმე პოზიტიურად გამოვიდეთ ამ სირთულიდან“, - განაცხადა მარგველაშვილმა.