ბათუმის ბულვარში საშემოდგომო დარგვების ფარგლებში, „აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინი“-ს სამსახურის მიერ, სეზონურად მოყვავილე შემოდგომა-ზამთრის ერთწლოვანი ყვავილების დარგვა დაიწყო. დეკორატიული ყვავილების, კერძოდ: ქრიზანთემას, ვიოლასა და მიხაკის ჯიშის ჩითილები ძველ ბულვარში ეტაპობრივად დაირგვება. მანამდე, ძველ ბულვარში სხვადასხვა მონაკვეთებზე არსებულ საყვავილე კლუმბებს მოსამზადებელი სამუშაოები ჩაუტარდა. მოხდა სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების ამოღება, ნიადაგის დამუშავება, გაფხვიერება და სარეველებისაგან გათავისუფლება.
ბათუმის ბულვარში გამწანებითი სამუშაოები ეტაპობრივად გაგრძელდება და ჯამში, ზღვისპირა პარკში ოქტომბრის თვის ბოლომდე 222 420 ყვავილი დაირგვება. ბულვარის ადმინისტრაციამ სეზონური ყვავილები ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შპს „მწვანე სახლი“-სგან შეისყიდა, რომლის ღირებულებაც 154 989 - ლარს შეადგენს.