ზუგდიდში მცხოვრები რამდენიმე დევნილი პროტესტის ნიშნად ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობს. ყოფილ რაიონულ საავადმყოფოს შენობაში ჩასახლებული დევნილებს ამის საშუალებას ქართულ საგუშაგოსთან მყოფი ქართველი სამართალდამცველები არ აძლევენ.
დევნილები აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის გუშინდელი განცხადების შემდეგ მიიღეს. სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ბინების გადანაწილება შიმშილობით არ ხდება და სამინისტრო გეგმებს არ შეიცვლება.
,,ზუგდიდში დაწყებულია ათი კორპუსის მშენებლობა, რომელთაგან 4 მალე დასრულდება. მინდა გავაფრთხილო ის ადამიანები, ვინც ცდილობენ გრძნობებზე ითამაშონ. შედეგი შანტაჟს წინა წლების მსგავსად, არც ახლა მოყვება. გვაქვს მკაფიო გეგმა, რომელი შენობები უნდა დავხუროთ და რამდენქულიანმა უნდა მიიღოს ბინა ამ ეტაპზე. ეს გეგმა არ შეიცვლება და ამას ვერ დააჩქარებს კარვების გაშლა", - აღნიშნა სუბარმა.
ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობენ, 22 სექტემბერს ჭერი ჩამოინგრა რამდენიმე დღით ადრე კი, შენობაში იატაკი ჩაინგრა.