„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე კრწანისის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამული ხედვები გააცნო.
კახა კალაძის თქმით, თბილისის მოსახლეობას ყველაზე ხშირად საცხოვრებელი ფართის დაკანონების პრობლემა აწუხებს. თბილისის მერობის კანდიდატი პირობას დებს, რომ აღნიშნული საკითხი მისი მერობის პირობებში მოგვარდება.
გარდა ამისა, 25 სექტემბერს კალაძემ თბილისის სოციალური პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა.
თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, შემუშავებული სოციალური პოლიტიკა სამ მიზანს ისახავს: სოციალურ პროგრამებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ჯანდაცვის პროგრამების განვითარება და ინკლუზიური ქალაქი ყველა თაობისთვის.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დაიხვეწება არსებული 22 სოციალური პროგრამა, რომლებიც განკუთვნილია სოციალურად დაუცველების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, ხანდაზმულებისა და ახალშობილებისთვის.
მომავალ წლებში, ჯანდაცვის მიმართულებით, ორი მუნიციპალური პროგრამა გაფართოვდება. დაავადებათა სკრინინგის პროგრამას დაემატება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგის, ხოლო ტრანსპლანტაციის პროგრამას - ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი.
კახა კალაძემ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ეფექტიან ფუნქციონირებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სასწრაფოს ავტოპარკი განახლდება და 70 ახალი მანქანა შეემატება.
თბილისის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამების ადმინისტრირება სრულად ელექტრონული მართვაზე გადავა და მინიმუმამდე შემცირდება დაფინანსების მიღებისთვის საჭირო მოცდის პერიოდი. ამასთან, ჯანდაცვის სერვისების დაფინანსება გამგეობებისგან გაგრძელდება.
კალაძის თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტი ჯანდაცვის პროგრამებზე, მომავალ წელს, 15 მილიონ ლარს დახარჯავს.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.