ფონიჭალაში, საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც საზოგადაოებრივ მაუწყებელს ექიმმა განუცხადა, მცირეწლოვანი პაციენტი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში რჩება.
ბავშვს საღამოს განმეორებითი კვლევა ჩაუტარდა. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
პაციენტი კლინიკაში ქალა ტვინის და გულმკერდის ტრავმით დღეს დილით შეიყვანეს.
ცნობისთვის, დღეს დილით, ზემო ფონიჭალაში მდებარე 206-ე ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან სამი წლის აღსაზრდელი გადავარდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.