ავიაკომპანია Lufthansa მზადაა გაკოტრებულ Air Berlin-ს გარდამავალი პერიოდში აქტივებისათვის 200 მლნ ევრო და პლუს 100 მლნ ევრო ხარჯებისთვის შესთავაზოს.
როგორც Bild am Sonntag წერს, მხარეებს შორის მოლაპარაკებები შესაძლოა 3 თვეში დასრულდეს, ანუ მას შემდეგ რაც გერმანიისა და ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სამსახურები, აღნიშნულ გარიგებას მოიწონებენ.
აღსანიშნავია, რომ გერმანულმა ავიაკომპანია Air Berlin-მა თავი გაკოტრებულად უკვე გამოაცხადა. ავიაკომპანიას 1,2 მლრდ ევროს ვალი დაუგროვდა.
გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ, Air Berlin-ის 150 მილიონი ევროს კრედიტი გამოუყო. ამ ფულის წყალობით, ავიაკომპანია ფრენების გაგრძელებას შეძლებს.
იმავდროულად კი Air Berlin-ის მთავარმა აქციონერმა Etihad-მა ავიაკომპანიისთვის დამატებითი თანხების გამოყოფაზე უარი განაცხადა.
Air Berlin-ი წაგებაზე 2008 წლიდან მუშაობს. ავიაკომპანიამ რეკორდული ზარალი - 780 მლნ ევრო 2016 წელს დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ Air Berlin-ი 1978 წლიდან ოპერირებს და ის გერმანიაში სიდიდით მეორე ავიაკომპანიადაა მიჩნეული.