,,რესპუბლიკურმა პარტიამ” არასამთავრობო ორგანიზაცია ”ლიბერალურ ხაზთან” ერთად, შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის მხარდაჭერით კონფერენცია გამართა. ღონისძიების ორგანიზატორებმა კონფერენციის მონაწილეებს პოლიტიკის ორი დოკუმენტი წარუდგინეს.
,,დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ორ მიმართულებაზე - ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, ორ დონიანი თვითმმართველობის შექმნა, რაც იყო და არის და რესპუბლიკუერი პარტიის ხედვა და მეორე არის სამოქალაქო კონტრაქტის თემა. ორივე ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას როგორც ლიბერალურ ხაზთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან. ჩვენ, პრაქტიკულად დღეს პოლიტიკური დოკუმენტების წარდგენის შემდეგ კანონპროექტს შევადგენთ და მოვახდენთ ამ კანონპროექტების ლობირებას პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე. პირველი დოკუმენტი გულისხმობს თვითმმართველი ქალაქების სტატუსის დაბრუნებას, ასევე თვითმმართველობისთვის მეტი თანხის გადაცემას საკუთარი რესურსებისთვის. ჩვენ კარგად ვიცით, რომ თვითმმართველობას თუ საკუთარი ფინანსები არ აქვს, ის ვერ განვითარდება. რაც შეეხება სამოქალაქო კონტრაქტის თემას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელისუფლება უნდა იყოს ადეკვატური და სამართლებრივად უნდა აღიაროს იმ ადამიანების უფლებები ვინც დღეს არ არიან აღიარებულნი. ლგბტ ადამიანები ფაქტობრივად თანაცხოვრებენ და ეს ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექცეს. ეს არის თანამედროვე, ლიბერალური, დემოკრატიული სახელმწიფოების სტანდარტი”, - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ.