აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი განმარტავს, რომ დეპარტამენტში შესაბამის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და სწორედ ამისათვის ჩატარება შესაბამისი კვლევა და ამ კვლევაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება ინფრასტრუქტურა ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმებზე და მის გარშემო.
კვლევა კი 24-30 სექტემბერს, აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას შესაბამისი მეცნიერები მიიღებენ, რომელტა ნაწილი აჭარაში უკვე იმყოფება და ფრინველებზე დაკვირვებას აწარმოებს.
„მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბუნება უნდა იყოს აფთენტური, ხოლო მეცნიერთა ნაწილის აზრით კი ინფრასტრუქტურა უნდა იყოს უფრო გამართული და თანამედროვე. ამიტომ შევეცდებით, რომ კომბინირებულად გავაკეთოთ ჩვენი საქმე და მათი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ“, აცხადებს სულხან ღლონტი.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე ამ,ბობს, რომ ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად თანხა 2018 წლის ბიუჯეტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.
როგორც ცნობილია, ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რის გამოც აჭარა ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. 15 აგვისტოდან - 15 ოქტომბრის ჩათვლით 1 000 000 მეტი მტაცებელი ფრინველი მიიკვლევს გზას აფრიკისკენ. აღნიშნულ ადგილებს ფრინველებზე დაკვირვების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია. სწორედ რეგიონის უნიკალური ტოპოგრაფია და კლიმატი განაპირობებს გადამფრენი ფრინველების სიმრავლეს, რაც ბერდვოჩინგის უამრავ მოყვარულს იზიდავს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლები - სახალვაშო და ჩაისუბანი, საუკეთესო ადგილია მათთვის, ვინც ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებს მტაცებელი ფრინველების ეკოლოგიისა და მიგრაციის შესახებ. აქ ფრინველებზე დაკვირვებისათვის პლატფორმებია მოწყობილი და მათთან მისასვლელი ბილიკებიც მარკირებულია. გარდა ამ სოფლებისა, რეგიონში ფრინველებზე დაკვირვება ასევე შესაძლებელია მტირალას ეროვნულ პარკში (აქ მოწყობილია სადამკვირვებლო პლატფორმა), ისპანის ჭაობზე (ქობულეთის დაცული ტერიტორიები) და ჭოროხის დელტაზე (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი).
აჭარაში 2012 წლიდან ყოველწლიურად სექტემბრის თვეში ტარდება "Batumi Bird Festival", რომელიც ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და ბევრი უცხოელი ბერდვოჩერი სტუმრობს ამ დროს რეგიონს. ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება და მისი ჩატარების იდეა საერთაშორისო გარემოს დაცვით ორგანიზაციას BRC (Batumi Raptor Count) ეკუთვნის.