საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 7 სექტემბრის სხდომაზე დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი რამდენიმე კომპანიისათვის 2018 წლის საქმიანობის ტარიფის დადგენის მიზნით, რადგანაც სატარიფო მეთოდოლოგიების შესაბამისად, კომპანიებს ტარიფები დადგენილი აქვთ 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების მიზანია ტარიფების დადგენის პროცესის გამჭვირვალობა, დაინტერესებული პირების ჩართულობის უზრუნველყოფა და საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება.
7 სექტემბერს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო შემდეგ საკითხებზე: შპს „ენერგოტრანსისთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის დადგენის მიზნით; შპს „ენგურჰესისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით; შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ წყალმომარაგების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფების დადგენის მიზნით; შპს „მცხეთის წყალისთვის“ წყალმომარაგების (ზედა ზღვარი) ტარიფების დადგენის მიზნით; შპს „რუსთვის წყალისთვის“ წყალმომარაგების (ზედა ზღვარი) ტარიფების დადგენის მიზნით; შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგური - ჟინვალჰესისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენის მიზნით; შპს „ჯი ფაუერისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით; სს „ენერგო პრო ჯორჯიასთვის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფის დადგენის მიზნით; სს „ენერგო პრო ჯორჯია გენერაციისათვის“ მის საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების - რიონჰესის, ლაჯანურჰესის, ძევრულჰესის, გუმათჰესების კასკადის და შაორიჰესის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით.
აღნიშნულ საკითხებზე, ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 5 ოქტომბერი, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილებები მიღების ბოლო ვადად - 2017 წლის 31 დეკემბერი.
საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების მიმდინარეობისას მოხდება კომპანიების მიერ სატარიფო განაცხადთან ერთად წარმოდგენილი ფინანსური და ტექნიკური მონაცემების შესახებ არსებული დოკუმენტაციის გაანალიზება და დეტალური შესწავლა. სატარიფო განაცხადი არ ითვალისწინებს კომპანიის მიერ კონკრეტული ტარიფის მოთხოვნას. ტარიფის დადგენა ხდება ფინანსური და ტექნიკური მონაცემების შესახებ კომისიაში კომპანიების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე. დოკუმენტაციას შეისწავლის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი შესაბამის დარგობრივ დეპარტამენტთან ერთად. დოკუმენტაციის შესწავლის დასრულების შემდეგ, დეპარტამენტი პროექტს წარადგენს საჯარო სხდომაზე, სადაც კომისიის თავმჯდომარე და წევრები საჯაროდ მიიღებენ გადაწყვეტილებას.
კომისიის მიერ რეგულირებად სექტორებში არსებული სატარიფო მეთოდოლოგიების შესაბამისად, ლიცენზიატი კომპანიებისათვის ტარიფების დადგენა ამჟამად ხდება ყოველწლიურად. სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის სატარიფო მეთოდოლოგიებში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2018 წლიდან ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედ კომპანიებს ტარიფები დაუდგინდებათ 3 წლის ვადით. კომისია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მოახდენს დადგენილი ტარიფების კორექტირებას რეგულირების პერიოდის დასრულებამდე.