19-20 სექტემბერს, თბილისში საქართველო-ირანის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ღონისძიება 19 სექტემბერს, 15:00 საათზე, თბილისის ტექნოპარკში გაიხსნება. ფორუმი 20 სექტემბერს, 10:00 საათზე სასტუმრო "ბილტმორში" ბიზნესის ორმხრივი შეხვედრებით გაგრძელდება.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეები, ასევე სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი და ირანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილე ვაჰიდ აჰმადი გახსნიან. ბიზნეს ფორუმის მიზანია საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება და ბიზნეს-წრეებს შორის საქმიანი თანამშრომლობის განვითარება. ქართული და ირანული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ პირისპირ გამართონ მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
ირანის ბიზნეს- დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: ფარმაცია, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სამედიცინო აღჭურვილობა, სოფლის მეურნეობა, სასათბურე მეურნეობა, ინდუსტრიული მანქანა-დანადგარები, სამშენებლო მასალები, საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT), წყლის გამწმენდი დანადგარები, ენერგოსისტემა, ნანოტექნოლოგიები, ბიოსამედიცინო ინჟინერია, ელექტრონიკა.