ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი მამა გიორგის მიერ მისთვის მიწერილი წერილების შესახებ საუბრობს. ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ დეკანოზმა ციხიდან 2 წერილი მისწერა.
„მამა გიორგისგან ციხიდან მივიღე ორი წერილი. ორივე წერილში ის განიცდის ერთ გარემოებას და მწერს, რომ ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რადგან ხშირად საქმის კურსში არ გაყენებდით იმ რაღაც საკითხებში, რომელსაც მე ვთვლიდი, რომ მე უნდა გადამეწყვიტა, ან ვფიქრობდი, რომ ამით გაწუხებდითო და სხვა. სასამართლოზეც მითხრა, რომ ჩემთან შეუთანხმებლად არაფერს არ აკეთებდა. ამ წერილში მწერს, რომ თქვენ ხართ ადამიანობისა და ღირსების ეტალონიო. მე ვუთხარი, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეტალონებს ასე არ ექცევიან. როდესაც ის აცხადებს, რომ მას შორენა თეთრუაშვილი უკვეთავდა გველის შხამს თუ ციანიდს, და თუ ის ჩემთან ყველაფერს ათანხმებდა, რატომ არ მითხარით, რომ შორენა თეთრუაშვილი ასეთ რაღაცას უკვეთავდა?“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება დაუკვალიფიცირა - ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული დეკანოზი არ ესწრებოდა.