აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 54,2%-იანი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 40,6%-იანი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის იანვარ-აგვისტოს გეგმა 119 მლნ 467 ათას 700 ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 184 მლნ 271 ათას 600 ლარი შეადგინა , ანუ გეგმა 154,2%-ით შესრულდა.
სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადების მუხლი, 8 თვის მონაცემებით, 152,1%-ით შესრულდა, სხვა შემოსავლების მუხლი 181,9%-ით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 181,9%-ით.
რაც შეეხება იანვარ-აგვისტოს ნაერთი ბიუჯეტის გეგმას, ის 189 მლნ 729 ათასი ლარი იყო, თუმცა გეგმა 40,6%-ით გადაჭარბდა და შესრულებამ 266 მლნ 733 ათას 500 ლარი შეადგინა. საბიუჯეტო მონაცემები ცხადყოფს, რომ აჭარის ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების მუხლი 42,4%-იანი გადაჭარბებით, სხვა შემოსავლების მუხლი 44%-იანი გადაჭარბებით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 22,5%-იანი გადაჭარბებით შესრულდა.
რაც შეეხება თვითმმართველ და მუნიციპალურ ბიუჯეტებს მათი შესრულების მონაცემები ასე გამოიყურება: ბათუმი - 109,2%-ი, ქობულეთი - 88,7%-ი, ხელვაჩაური - 140,9%-ი, ქედა - 117,5%-ი, შუახევი - 186,3%-ი და ხულო - 255,2%-ი.