ევროპული ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი საქართველოში, დევიდ ლი საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადურს შეხვდა. „როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, კონკურენციის თემა ასოციაციისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მჯერა, სააგენტო, ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით, სამომავლოდ მნიშვნელოვნად გაძლიერდება და მსოფლიო ასპარეზზე ღირსეულ სიტყვას იტყვის, “ - განაცხადა შეხვედრაზე დევიდ ლიმ, რომელიც საქართველოში 10 წელზე მეტია საქმიანობს.
ასოციაციის გახსნის ცერემონია 2017 წლის 25 ივლისს გაიმართა და საქმიანობის მთავარი მიზნებია:
- საქართველოში ევროპული ბიზნესის ადვოკატირება
- საქართველოსა და ევროპას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა
ასოციაციაში გაწევრიანებული არიან - ევროპული ბაზრის ლიდერი კომპანიები, რომლებიც საქართველოში არიან წარმოდგენილი და ასევე ქართული კომპანიები, რომლებიც ევროკავშირთან ვაჭრობით არიან დაინტერესებულნი.
მხარეებმა თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვეს და საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.