სააერნაოსნო მომსახურებიდან საქართველოს შემოსავლები იზრდება. 2016 წელს ქვეყანამ სააერნაოსნო მომსახურებიდან (მარშრუტის და ტერმინალის სააერნაოსნო მომსახურება) 66,704 მლნ ლარი მიიღო, რაც თითქმის 5%-ით მეტია 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მაჩვენებელი 2014 წელთან შედარებით. „საქაერონავიგაციის“ მონაცემებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში სულ სააერნაოსნო მომსახურებიდან საქართველომ 187,403 მლნ ლარი მიიღო.
როგორც „საქაერონავიგაციაში“ განმარტავენ, სააერნაოსნო მომსახურებისთვის მიღებული შემოსავალი გამოყენებული უნდა იყოს სააერნაოსნო მომსახურების სისტემის განვითარებისა და მოდერნიზაციისთვის. „შესაბამისად, კომპანიის წმინდა მოგება მიემართება აღებული კრედიტების დაფარვისა და საწარმოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება-მოდერნიზაციისკენ. ამასთან, კომპანიამ საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში მოგების გადასახადის სახით, სულ გადაიხადა 7,196 ათასი ლარი (2014 – 2,130 ათ. ლარი; 2015 – 3,211 ათ. ლარი და 2016 – 1,856 ათ. ლარი)
კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ აუდიტის სამსახურის მოხსენების მიხედვით, „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მართვის ქვეშ მყოფი სახელმწიფო კომპანიების მოგებამ, თითქმის 15 მილიონი ლარი შეადგინა და სახელმწიფო ბიუჯეტმა თანხის 80% „საქაერონავიგაციისგან“ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ “საქაერონავიგაცია“ საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო მოძრაობის მართვას ახორციელებს და მისი მიზანია თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონაში საჰაერო მოძრაობის მომსახურება და ფრენის უსაფრთხოების დაცვა.
როგორც „საქაერონავიგაციაში“ განმარტავენ, სააერნაოსნო მომსახურებას კომპანია უახლესი სანავიგაციო, სალოკაციო და კავშირგაბმულობის ტექნოლოგიებისა და მაღალკვალიფიციური ავიამეთვალყურეების და ინჟინერ-ტექნიკოსების მეშვეობით უზრუნველყოფს.
„საქაერონავიგაციის“ ძირითადი შემოსავლის წყაროს გაწეული სააერნაოსნო მომსახურებიდან მისაღები შემოსავალია და სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის ერთეულის განაკვეთს ევროპის სააერნაოსნო მომსახურების უსაფრთხოების ორგანიზაცია- ევროკონტროლი ადგენს.
„ევროკონტროლში გაწევრიანების შემდეგ, შპს“ საქაერონავიგაცია“მომსახურების საზღაურის შეგროვებას ევროკონტროლის ანაზღაურების ცენტრალური ოფისი (CRCO) ახორციელებს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მეთოდი საქართველოს საავიაციო ისტორიაში პირველად დაინერგა, მნიშვნელოვანი სიახლეა ზოგადად ქვეყნისთვისაც. სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის ერთეულის განაკვეთის გაანგარიშება ხდება ევროკონტროლის თითოეული წევრი ქვეყნის ხარჯთა ბაზის მიხედვით, პრინციპი კი შემოსავლების ხარჯებთან გათანაბრებას გულისხმობს“, - აღნიშნავენ კომპანიაში.
საქართველოს საჰაერო სივრცეში მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი ფორმულით: r= t x N, სადაც r – მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელი; t – მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების ერთეულის განაკვეთი - 61.20 ლარი; N- მომსახურების ერთეულის რაოდენობა. N= d x p, d – მანძილის ფაქტორი, რომელიც გაიანგარიშება საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდის შესვლის და გასვლის წერტილებს შორის ორთოდრომიული მანძილის (კილომეტრებში) გაყოფით 100-ზე. მანძილის ფაქტორი მძიმის შემდეგ ორი ნიშნით განისაზღვრება; p – საჰაერო ხომალდის წონის კოეფიციენტი, რომელიც გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით: p= √MTOW/50, სადაც MTOW – საჰაერო ხომალდის სერტიფიკატით განსაზღვრული მაქსიმალური ასაფრენი მასაა, რომელიც იზომება მეტრულ ტონებში. წონის კოეფიციენტი მძიმის შემდეგ სამი ნიშნის სიზუსტით განისაზღვრება.
საქართველოს აეროპორტებში ტერმინალის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი ფორმულის მიხედვით: R=txN, სადაც R – საჰაერო ხომალდის ტერმინალის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელი; t - ტერმინალის სააერნაოსნო მომსახურების ერთეულის განაკვეთი - 1,073.64 ლარი; N - წონის კოეფიციენტი, რომელიც განისაზღვრება შემდეგი ფორმულით: N=(MTOW/50)0.7, სადაც MTOW – საჰაერო ხომალდის სერტიფიკატით განსაზღვრული მაქსიმალური ასაფრენი მასაა მეტრულ ტონებში.