"საქართველოს რკინიგზის" მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეთა კარავი აშალეს.
"რკინიგზის ახალი პროფკავშირების" ხელმძღვანელის განცხადებით, პოლიციამ მათ ვერ დაუკონკრეტა კანონის ის მუხლი, რომლის საფუძველზეც არ აძლევენ ადგილზე კარვის გაშლის შესაძლებლობას.
ადგილზე მივიდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ნინო ათაბეგაშვილი, ის გაესაუბრა აქციის მონაწილეებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსაც, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან ადგილზე.
"ჩვენ დაგვიკავშირდა ვიტალი გიორგაძე, შეგვატყობინეს რომ აქციის მონაწილეებს არ მიეცათ კარვის გაშლის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივედით ადგილზე, გავესაუბრეთ ყველა მხარეს, როგორც აქციის მონაწილეებს, ისე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. შემიძლია გითხრათ, რომ სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის შექმნილ ვითარებას და დააკვირდება პროცესებს" - განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ნინო ათაბეგაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რკინიგზელები დღეს 12 საათიდან რკინიგზის დეპარტამენტის წინ შიმშილობენ.
დასაქმებულების განმარტებით, მათთვის სამუშაო ადგილის შეცვლა მიუღებელია, რადგან წლებია კახეთის რეგიონულ სამსახურში მუშაობენ და მათი საცხოვრებელიც კახეთში მდებარეობს.
საქართველოს რკინიგზის განმარტებით კი კახეთიდან ტვირთბრუნვამ იკლო და საჭიროებას აღარ წარმოადგენდა ამ ადამიანების ადგილზე მუშაობა.
ფოტო: საზოგადოებრივი