მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ სადეგუსტაციო კონკურსში - World whiskey Masters (London, 2017), სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილ ათეულობით კონკურენტს შორის ქართულმა ვისკიმ - “JIMSHERI" ვერცხლის მედალი მოიპოვა.
კონკურსი იმით არის გამორჩეული, რომ 18 კაციანი საერთაშორისო ექსპერტები ბრმად არჩევდნენ ნიმუშებს. ვისკი “JIMSHERI” შეფასებულია ქართული მეღვინეობის და კულტურის ახალ აღმოჩენად.
“მოხარული ვარ, რომ ლონდონის ასეთ მნიშვნელოვან კონკურსში, სადაც ე.წ. ჟიურის წევრები “ბრმა მეთოდით” იღებენ გადაწყვეტილებას, პირველმა ქართულმა ვისკიმ სერიოზული განაცხადი გააკეთა ვისკის სამყაროში.
პირველი ქართული ვისკი სულ ოთხი თვეა როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე გამოჩნდა და თავისი ნიშა დაიმკვიდრა. ლონდონის მსოფლიო ვისკის კონკურსში მიღებული წარმატებით “JIMSHERI” საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში საპატიო ადგილს იკავებს და ვფიქრობ, ის მალე გახდება ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ეს განაცხადი კი ჩემგან, როგორც ვისკის ავტორისგან მოითხოვს ასევე თამამი გეგმების განხორციელებას. მერწმუნეთ, ვისკის დაგემოვნების შემდეგ ნახავთ, რომ სითხე არის ქართული აქცენტის, ინდივიდუალობით გამორჩეული” - განაცხადა ვისკის ავტორმა, ბიზნესმენმა ჯიმშერ ჩხაიძემ.
ქართული ვისკის პირველი ექსპორტი ჩინეთში განხორციელდა, შემდეგ კი პოლონეთში, ყაზახეთში, უკრაინასა და ბალტიისპირა ქვეყნებში. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე შესვლასთან დაკავშირებით. პირველი ქართული ვისკის ბოთლისა და ეტიკეტის დიზაინი ეკუთვნის დიზაინერ ზვიად ციკოლიას. World whiskey Masters-ში მონაწილეობდა ევროპის ქვეყნები, საქართველო, კანადა, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, ინდოეთი და სხვა.