„ჯეოსელი“ აბონენტებს მათი პერსონალური ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემაზე თანხმობას სთხოვს.
შესაბამისი ცვლილება „ჯეოსელის“ სააბონენტო ხელშეკრულებაში შევიდა, რომელიც ძალაში 1 სექტემბრიდან შევა.
კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ცვლილებებით დაიხვეწა მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული დებულებები.
გაფართოვდა „პერსონალური ინფორმაციის“ განსაზღვრა და მასში უკვე შედის:
აბონენტის სახელი, გვარი, იურიდიული პირის სახელწოდება, მისამართი, რეკვიზიტები, უფლებამოსილი პირ(ებ)ის ვინაობა, ინფორმაცია მომსახურების მიწოდების ადგილ(ებ)ის, მომსახურების სახეობ(ებ)ის, გაწეული მომსახურების თარიღის, ოდენობის, საფასურის შესახებ, ასევე ნებისმიერი ინფორმაცია აბონენტის მიერ გადახდილ/გადასახდელ თანხაზე, ტრაფიკზე, გაწეულ მომსახურებაზე (საბილინგო ან სხვა სისტემაში დაცული ნებისმიერი მონაცემი მომსახურების, ზარის წამოწყების/გამოძახების შესახებ, რომელიც, მათ შორის, დაკავშირებულია, ზარ(ებ)ის/მომსახურების კომუტაციასთან, გადამისამართებასთან, ზარ(ებ)ის ხანგრძლივობასთან, იმ მოწყობილობის ადგილმდებარეობასთან, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება მომსახურების მიღება) ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია იდენტიფიცირებულ/იდენტიფიცირებად პირთან;
ასევე ფართოა მონაცემთა დამუშავების განსაზღვრება და ის შეიძლება იყოს: ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება;
ამასთან კომპანია ყველა აბონენტისგან ითხოვს თანხმობას, მისი მონაცემების დამუშავებასა და მესამე პირებისთვის გადაცემაზე.
უფრო კონკრეტულად, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, აბონენტი აცხადებს თანხმობას, რომ მისი პერსონალური ინფორმაცია (მონაცემი) დამუშავდეს, მათ შორის, გადაეცეს ოპერატორის მიერ განსაზღვრულ მესამე პირებს სხვადასხვა მიზნებისათვის, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: აბონენტისათვის სათანადო მომსახურების გაწევა, თაღლითური ქმედებების თავიდან აცილება, სააბონენტო ანგარიშის მართვა, გაწეული მომსახურებისათვის საფასურის დარიცხვა, შესაბამისი ანგარიშის შედგენა, მომსახურებაზე დარიცხული საფასურის ამოღება, მარკეტინგი (მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგი), არსებული/ახალი პროდუქტების ან მომსახურების გაუმჯობესება/დანერგვა, კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების/მოთხოვნების შესრულება, აბონენტის ინფორმირებულობა (მათ შორის, საინფორმაციო ხასიათის შეტყობინებების გაგზავნის გზით) ან ოპერატორის მიერ განსაზღვრული სხვა კომერციული/არაკომერციული მიზანი.
სააბონენტო ხელშეკრულების ძველი და ახალი ვერსია, შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://geocell.ge/ge/private/help-support/useful-information/agreement