უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვლადიმირ ომელიანი მოელის, რომ ირლანდიურ „ლოუკოსტერ“ Ryanair-სა და ბორისპოლის აეროპორტს შორის მოლაპარაკებები 20 აგვისტომდე დასრულდება.
აღნიშნულის შესახებ განცხადება ომელიანმა უკრაინის „მე-5 არხზე“ სტუმრობისას გააკეთა.
„ვცდილობ არ ჩავერიო, რათა მერე არ თქვან რომ მე რაღაც ისე ვერ გავაკეთე. კი ბატონო აგერ სუფთა მოედანი და მოილაპარაკონ. გვაჩვენეთ რა როგორ შეგიძლიათ. პრემიერმა რიაბიკინს (ბორისპოლის აეროპორტის ხელმძღვანელი პაველ რიაბიკინი) დავალება მისცა. Ryanair-თან ინვესტიციების ოფისში მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. მე ველოდები და ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი 20 აგვისტომდე მოხდება“, განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს Ryanair-მა განაცხადა, რომ უკრაინაში ოპერირების დაწყებაზე ბორისპოლის აეროპორტის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობის გამო თქვა უარი.
თავის მხრივ აეროპორტის ხელმძღვანელის საქციელზე უკმაყოფილება დააფიქსირა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა და სოციალურ ქსელში რიაბიკინის მისამართით ირონიული პოსტიც დატოვა. ამის შემდეგ მინისტრმა მტავრობის სხდომაზე აეროპორტის ხელმძღვანელის გადაყენებაც მოითხოვა. ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა კი პაველ რიაბიკინს მოლაპარაკებების განსაახლებლად და ბოლომდე მისაყვანად გარკვეული დრო მისცეს.